მთავარი » 2012 » აპრილი » 29 » c ჰეპატიტი
21:00
c ჰეპატიტი
ადამიანს ერთი ოპტიმისტური თვისება აქვს: ჰგონია, რომ ის ყოველთვის "ბევრად უკეთესს იმსახურებს” და იშვიათად ფიქრობს, რომ "რაიმე ცუდი მაინცდამაინც მას დაემართება”. მაგალითად – ოცნებობს "C კლასის მერსედესის ყიდვაზე”, მაგრამ ნაკლებად უშვებს ალბათობას იმისა, რომ ოდესმე "C ჰეპატიტი დაემართება”.


არადა, C ჰეპატიტი ისევე ახლოს არის თითოეულ ჩვენგანთან, როგორც ცხვირთან მისატანი თითი (სიბნელის ხარისხის გასაზომვის დროს), როგორც საათის ისრები (როდესაც თორმეტს ერთი წუთი უკლია), ან როგორც ტიბეტი (რომელიც „არ არის შორს"). ისეთი სტერეოტიპიც არსებობს, რომ თუ ნარკომანი არ ხარ და სექსს მხოლოდ ინტერნეტში უყურებ, C ჰეპატიტს შენი სტუმართმოყვარეობის არანაირი იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, ეს მოსაზრება (ისევე, როგორც ბევრი სხვა სამყაროში) უტიფრად მცდარია.

C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი ჩასაფრებულია ყველგან: სილამაზის სალონებში (პედიკურისა თუ მანიკურის ხელსაწყოებზე), სტომატოლოგიურ კლინიკებში (ინსტრუმენტებზე და სამკურნალო სითხეებში), ტატუს სალონებში (ნემსზე და მელანშიც კი), დედის მკერდში (რომელსაც ახალშობილი კუჭგასამართი მიზნებისთვის იყენებს), დონორის სისხლში (რომელიც გადასხმისას ბაქტერიების დესანტსაც გადასხამს)… მოკლედ, ყველანაირ სითხეში თუ ბაქტერიის მატარებელ ინსტრუმენტზე, მანამდე რომ დაინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდა შეხება და ამის შემდეგ, ღია ჭრილობაში მოხვდა.

მე რომ ახლა სამედიცინო ენაზე ავხსნა, თუ რა არის C ჰეპატიტი და ფლავავირიდეს ოჯახის ვირუსების მიერ გამოწვეული ფიბროზისა თუ ღვიძლის ჰეპატოციტების სიტუტუცეზე ვისაუბრო, დიდია შანსი იმისა, რომ ეს თქვენ მიერ წაკითხული ბოლო წინადადება იქნება, რის შემდეგაც მცირედ შემკრთალი მზერით, ინტერნეტის ფანჯარას მყისიერად დახურავთ. ამიტომ მარტივად ვიტყვი – „C ჰეპატიტი არის დაავადება, რომელიც ორგანიზმში პაწაწუნა ბაქტერიის სახით შედის, ღვიძლში იკალათებს და დროთა განმავლობაში შლის მას – რაც როგორც ექიმები იტყოდნენ იწვევს "ლეტალურ შედეგს” ან როგორც საინფორმაციოები იტყოდნენ – ”ფატალურს”. მოკლედ, ეს არის ვირუსი, რომელიც ნელ-ნელა კლავს ადამიანს და რადგანაც ეს პროცესი შეიძლება 20-25 წელიწადს გაგრძელდეს, მეცნიერებმა დაავადებას მოფერებით "ალერსიანი მკვლელი” შეარქვეს.

დამშვიდება #1: C ჰეპატიტი კოცნით არ გადადის. თუ, რა თქმა უნდა, ზღვის ავადმყოფობის გამო, ღრძილები დაწყლულებული და გაუბედურებული არ გაქვთ. ხოლო, თუ ასეა საქმე, ნეტავ, რაღა გეკოცნავებათ?

არგუმენტების არქონის დროს ადამიანებს ძალიან გვიყვარდება სიტყვა „სტატისტიკა" (რომელსაც ვერავინ შეამოწმებს) და განსაკუთრებით სიტყვათშეთანხმება – „საგანგაშო სტატისტიკა" – გვხიბლავს (თუმცა, განგაშს, როგორც წესი, მაინც არავინ ტეხს). როგორც არ უნდა იყოს, "საქართველოში C ჰეპატიტით დაინფიცირებულთა” რაოდენობის შესახებ ბოლო კვლევა მაინც ისეთ უხსოვარ დროში ჩატარდა, რომ კორექტული ადამიანი წლის დასახელებისგან თავს შეიკავებდა. "ოცდამეერთე საუკუნის პირველ დეკადაში” – ვთქვათ. მისი შედეგების მიხედვით, საქართველოში ამ დაავადებით მოსახლეობის დაახლოებით 7 პროცენტი იყო დაინფიცირებული, რაც საკვლევი წლის გათვალისწინებით ახლა კიდევ უფრო მეტი იქნება.

რამდენად საგანგაშოა სტატისტიკა – ეს უკვე თავად გამოთვალეთ და განსაჯეთ.

მოკლედ, გაუფრთხილებლობა ნებისმიერ შემთხვევაში ძვირად უჯდება ადამიანს – მატერიალურადაც და ფიზიკურადაც. C ჰეპატიტის მკურნალობა საზღვარგარეთ 20 ათას ლარამდე ღირს და ისიც ისე, რომ განკურნების გარანტიას ბოლომდე ვერ გაძლევენ. მეტიც – ქართული სადაზღვევო კომპანიები ამ დაავადებას ყოველთვის გვერდს უვლიან (არ უღირთ), მის მკურნალობას მთლიანად არც სახელმწიფო აფინანსებს (ბიუჯეტს უფრთხილდება), არც რაიმე ისეთი ძლიერი მექანიზმი არსებობს, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებაში მოწყობილობათა სტერილიზაციის ხარისხს პერიოდულად გააკონტროლებს (იყო. გაუქმდა) და სტომატოლოგიური კლინიკის მფლობელ ჯუმბერას პრინციპში საერთოდ ფეხებზე კიდია მის ბუდრუგანა კუსტარულ დაწესებულებაში თუ დაინფიცირდება ვინმე. ფულს ხომ იღებს თვითონ, რაც მთავარია.

საქმეს ართულებს ისიც, რომ C ჰეპატიტი არაფრით გამორჩეული დაავადებაა (ალბათ, ამიტომაც დაიბოღმა და გაბოროტდა), ანუ, მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ გააჩნია. თუმცა, ზოგადად ჰეპატიტს შეიძლება ახასიათებდეს – უმადობა (რაც ისედაც ბევრს ჭირს), გულისრევა (თუ ფეხმძიმედ ხართ, მაინცდამაინც ჰეპატიტს ნუ დააბრალებთ), კანის სიყვითლე (აზიელებს ნუ შეგეშინდებათ), ადვილად დაღლა (მხოლოდ პერმანენტული ქოშინი არ იგულისხმება), ტკივილი მარჯვენა ფერდის არეში (რაც, შეიძლება, ძირმაგარას ბრალიც იყოს) და მუქი ფერის შარდი (სიმუქის ხარისხი თავად განსაზღვრეთ). პრევენციისათვის, ნებისმიერ შემთხვევაში, პერიოდული დიაგნოსტიკაა საჭირო.

„პრევენცია" – კიდევ ერთი დიდებული სიტყვა, რომელიც განსაკუთრებით გვიყვარს. თუმცა, რომ "მივმართოთ კიდეც” დროდადრო უფრო უკეთესი იქნება. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა – „მოიცადე რა, რაღა მე შემხვდება" დამოკიდებულება მოვიშოროთ თავიდან და ყველა კლინიკაში ჩვენი ინსტრუმენტებით თუ არ ვივლით, მინიმუმ ის მაინც ვიკითხოთ – სტერილიზაციის რა საშუალებებია ან ინსტრუმენტებს რამდენ გრადუსზე ხარშავენ (C ჰეპატიტის ვირუსის მოკვლა, როგორც წესი, 100-120 გრადუსზე ხდება). თუკი ტატუ გვინდა მაინცდამაინც (თუნდაც, ისეთ ადგილებზე, მერე მარტო ბათუმში რომ გამოგვიჩნდეს), უნდა შევამოწმოთ, რომ ნემსიც და მელანიც ახალი იყოს, რადგან საღებავიც კი შეიძლება დაინფიცირებული აღმოჩნდეს. აი, პრეზერვატივს რაც შეეხება – ვინ, სად, როდის, როგორ და რა მიზნით გამოიყენებს, ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არის.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა C ჰეპატიტით დაავადებულთა სტიგმა-დისკრიმინაციაა. ჯანმრთელ ადამიანებს ხომ მაშინვე გულყრა ეწყებათ, როგორც კი ვინმეში რაიმე საშიშსახელიანი დაავადების არსებობას გაიგებენ. ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი მიძინებული ნაღმია და ამის გამო მას საზოგადოებიდან ეტაპობრივად რიყავენ. არადა, C ჰეპატიტით დაინფიცირებული არასოდეს არის საშიში, თუ მაინცდამაინც ძმადშეფიცვის რიტუალის ერთად ჩატარება არ გადაწყვიტეთ. C ჰეპატიტი არც შეხებით გადადის, არც კოცნით, არც თვალების ფახულით, არც ფლირტით, არც ერთი ჭიქიდან სმით, არც ერთ სარკეში ჩახედვით, არც ვახტანგურის გადაკვრით, არც "წეროები მიფრინავენ”-ის თამაშით, არც "ფეისბუქში” მიმოწერით, არც ჯოკერში "პარაში ყოფნით” და მოკლედ, არც არაფრით, რაც ერთმანეთის სისხლის არევას არ უკავშირდება.

ანუ, როგორც ერთი ჩემი შორეული მეგობარი დასძენდა პათეტიკურად – "ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროში არავინ არაფრისგან არის დაზღვეული.”

მათ შორის, არც თქვენ!
 
კატეგორია: საინტერესო ამბები | ნანახია: 856 | დაამატა: UnLuCkY | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: